სიახლე 

ფოთს თურქეთის საზღვაო ძალების გემი ეწვია 13 09 18

ფოთის პორტში, თურქეთის გემის ბაიაქტარის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პროფესიონალური საზღვაო სწავლების ფარგლებში, ფოთში 5 დღიანი ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის, ეროვნული უნივერსიტეტის საზღვაო ძალების სასწავლებლის 250-მდე სტუდენტი ჩამოვიდა. შეხვედრას სტუმრების მხრიდან, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე კოჩაკი, გემის კომოდორი პირველი რანგის კაპიტანი ეროლ ქუჩუქი, TCG Bayraktar გემის კაპიტანი ბულეთ გუნგორი, კურსანტთა ჯგუფის უფროსი აითუღ ჩეთინი და სამხედრო ატაშის მოადგილე აიდინ თოქუშლუ დაესწრნენ. „საზღვაო ძალების სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტებმა ,ერთი წლის განმავლობაში შეძენილი თეორიული ცოდნა უნდა გამოიყენონ პრაქტიკაში. ჩვენ ვსტუმრობთ შავი ზღვის სხვადასხვა ნავსადგურს და ერთ-ერთი ვიზიტიც ეს გახლავთ, მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან“ _ განაცხადა ჟურნალისტებთან პირველი რანგის კაპიტანმა ეროლ ქუჩუქმა. მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ოფიციალური შეხვედრა შედგა. თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, გემი TCG BAYRAKTAR (L-402) ფოთის პორტს 17 სექტემბერს დატოვებს.

მსგავსი სტატიები

Facebook