სიახლე 

ფოთის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარტიები აფასებენ 31 05 19


ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ მოვლენებს პარტიები აფასებენ.

ფოთში ოპოზიციური პარტიის ნაწილი თვლის, რომ ქალაქის განვითარებისათვის, ახალი პორტის მშენებლობა აუცილებელია. ნაწილის აზრით, ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა მნიშვნელოვანი. მათივე განცხადებით, ხელისუფლება ვერ შეჯერდა ფოთისა და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რამაც ქვეყნის მასშტაბით დიდი გაუგებრობა გამოიწვია.

ფოთის მერმა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა.

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია აჟიოტაჟი. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას.

ირაკლი ხახუბიას თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სურს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი მოიპოვოს, თუმცა სახელმწიფოსთან ამ ტიპის შეთანხმება არ აქვთ. მანამდე კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2019 წლის 2 მაისის ბრძანების თანახმად, ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. 28 მაისს, ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა, ხოლო 30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ნებართვა გააუქმა. სააგენტოს ხელმძღვანელი კი, თანამდებობიდან გადააყენა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ადმინისტრაცია, აცხადებს, რომ საფუძვლიანად აანალიზებენ აღნიშნული ბრძანების გაუქმებას. ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხზე შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა შენარჩუნდეს ფოთისა და მისი ნავსადგურის განვითარების მტკიცე მხარდაჭერა.

მსგავსი სტატიები

Facebook