სიახლე 

5 ივლისის მოვლენების შედეგები 12 07 21

2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიის წარმოამდგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის  საქმიანობის ხელშეშლის და  ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. 

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“ მწუხარებას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც სოლირადობას უცხადებენ მედიის წარმომადგენლებს  მოითხოვენ პრემიე-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მთავრობის სრული შემადგენლობით.

მსგავსი სტატიები