სიახლე 

სტიქია სამეგრელოში 03,09,2021

სტიქია სამეგრელოში. ძლიერმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ სამეგრელოს რამდენიმე ოჯახი დააზარალა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს მთლიანად ახადა სახურავი, რამაც ეზოში მყოფი ავტომობილებიც დააზიანა. ქარს თან ერთოდა ძლიერი წვიმა. ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში კი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ძლიერი წვიმა იყო ფოთშიც, გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა რიგი ქუჩები დატბორა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. როგორც ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის სამსახურის დირექტორმა, ლევან ჭედიამ განაცხადა, ,,უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქის რვავე სატუმბი სადგური. სისტემატურად იწმინდება სანიაღვრე არხები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ზარალი’’. აღსანიშნავია,რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს აღრიცხავს. უბნებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მოქმედებს ცხელი ხაზი-592 39 11 00.

მსგავსი სტატიები