ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 10 21
საქართველოში კოვიდინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 ადამიანი გარდაიცვალა . 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%
საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღა დაწყებულია – სპეციალისტები ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრებას აანონსებენ.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არ ჩაერთვება და ამავდროულად არ მოხდება ვითარების კონტროლისთვის საჭირო სპეციფიკური ღონისძიებების დაცვა, დამატებითი შეზღუდვები გარდაუვალი იქნება.
პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს მასიურად შეიკავონ თავი ხალხმრავალი ღონისძიებებისგან.
“საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებისგან. გამორიცხული არ არის გარკვეული რეგულაციების დაწესების საკითხი დადგეს,”- მაკა ბულეიშვილი.
გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, მიმართვიანობა კოვიდკლინიკებში ისევ გაიზარდა. განსაკუთრებით მომატებულია ბაღისა და მცირე ასაკის ბავშვების კოვიდით ინფიცირება და პედიატრიული პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში.
“სამწუხაროდ ძირითადი მატება არის მცირე ასაკის ბავშვებში, ბაღის და კიდევ უფრო მცირე ასაკის კონტიგენტში. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ამ ეტაპზე ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული, სადაც 27 პაციენტი მკურნალობს, დღევანდელი მდგომარეობით მათგან არცერთი არ იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე.
მიუხედავად იმისა, რო კლინიკა სრულად დატვირთულია, მხოლოდ 4 მშობელია, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ძირითადი გადადება მოხდა საყოფაცხოვრებო კონტაქტისგან,”- განმარტავს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.
240 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში.მასობრივი ვაქცინაციის პარალელურად სახელმწიფოები მკაცრ რეგულაციებს აწესებენ. ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებობს ეპიდემიის განახლების მნიშვნელოვანი რისკი.
საფრანგეთში კანონმდებლები გეგმავენ საგანგებო მდგომარეობა მომავალი წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივონ.
ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად დღეიდან კოვიდსერთიფიკატის წარდგენა სავალდებულოა კანადის ალბერტას პროვინციაში. ინფიცირებულების მაღალი მაჩვენებელი აუცრელ მოქალაქეებზე მოდის.
რეკორდული გარდაცვალებისა და ინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში. ინფიცირებულების დიდი ნაწილი აუცრელი მოქალაქეები არიან.
ბოლო 24 საათში ინფექციის 30 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყენაში ინფექციის შემთხვევები მზარდია, დაავადებულთა დიდი ნაწილი მოზარდები არიან.
დღეიდან იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო ხდება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა ლატვიაში. ინფიცირებულთა შორისაა ლატვიის პრეზიდენტიც. შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის არავაქცინირებული 66 მილიონი ადამიანია.
ჯო ბაიდენის განცხადებით, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაციის ვალდებულების შესახებ რეგულაციები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთში – 315 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 36ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 36 პაციენტი იმყოფება ,ხოლო ფოთის ევექსის კოვიდ კლინიკაში 31 პაციენტი.