ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებს განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს 10 11 21
დღეს ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში. ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებს შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის – „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებს განაგრძობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი პრეზენტაცია ექვს ენაზე შექმნილ, ერთობლივი ელექტრონული კატალოგის მიმოხილვას დაეთმო, რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნებმა – საქართველომ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, საბერძნეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთობლივად შეიმუშავეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტალი პროექტში მონაწილე ექვსივე ქვეყანაში ოპერირებადი იმ ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებს მოიცავს, რომლებიც ენერგოეფექტური პროდუქციის შექმნა რეალიზაციას ახორციელებენ. შავი ზღვის ტრანსსასაზღვრო ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში, ასევე, შეიქმნა ტურისტული ობიექტების ვირტუალური გიდი რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნების, ექვს-ექვსი ობიექტის ვირტუალურ ტურს შეიცავს,მათ შორისაა ფოთში არსებული ნიკო ნიკოლაძის კოშკი და ფოთის საკათედრო ტაძარი.
პრეზენტაციების შემდეგ პროექტის თანამშრომლებმა მერიის წარმომადგენლებს, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს, სადაც დეტალურადაა აღწერილი პროექტში განხორციელებული ყველა ღონისძიება. პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვასა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.