სიახლე 

თოჯინების სპექტაკლი ფიროსმანის პრემიერა გაიმართება 21 11 18

აქტიური საგასტროლო ჩვენებების შემდგომ, ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დღეს თეატრის სარეპეტიციო დარბაზში, თოჯინური სპექტაკლის „ფიროსმანის“ გენერალური რეპეტიცია გაიმართა. 22 და 24 ნოემბერს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში, სპექტაკლის პრემიერა შედგება, რომელიც მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებლისათვის არის გათვლილი. როგორც სპექტაკლის რეჟისორმა, ელენე მაცხონაშვილმა აღნიშნა, თოჯინური დადგმა შემეცნებითი ხასიათისაა, მისივე თქმით, ახალგაზრდა მსახიობები შეეცადნენ, ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე თოჯინების საშუალებით კიდევ ერთი ახალი მითი გაეცოცხლებიათ. სპექტაკლში, ფოთის თეატრის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი ჯგუფის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ანა ანდღულაძე, ირაკლი კვერღელიძე, ალიკა ცეკვაშვილი და ნიკა კვარაცხელია მონაწილეობენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ფოთის თეატრი რეჟისორ ელენე მაცხონაშვილთან პირველად თანამშრომლობს. როგორც თეატრის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ აღნიშნა, ბაჰრეინის სამეფოს საერთაშორისო ფესტივალზე ფოთის თეატრმა სპექტაკლი „ყვითელი დღეები“ წარადგინა და საუკეთესო რეჟისურასა და სცენოფრაფიაში ორი გრანპრი მიიღო. გრანპრის გადაცემა კი სპექტაკლის პრემიერის შემდეგ მოხდება. შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო საშუალება არ ეძლევა, თავისი მაყურებლის წინაშე საკუთარ სცენაზე წარსდგეს. სპექტაკლი „ფიროსმანი“ მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლის თარიღს მიეძღვნება.

მსგავსი სტატიები