სიახლე 

ფოთში წითელას 9 შემთხვევა დაფიქსირდა 21 01 19


ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში წითელას ვირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ნინო ლეფსაიას განცხადებით, პაციენტები მკურნალობას სახლის პირობებში გადიან. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდია, დანარჩენების ასაკი კი 30-დან 59 წლამდეა. წითელას ვაქცინაციის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს ქალაქის კლინიკებში უფასოდ შეუძლია. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ფოთის ჯანდაცვის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ამბულატორიულმა მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო. ამჯერად გრიპის მაგვარი დაავადებით ფოთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალურ მკურნალობას 11 პაციენტი გადის. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ცნობისათვის, წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით.

მსგავსი სტატიები