სიახლე 

ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 09 04 19


ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, სასულიერო პირებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების შემდეგ კიდევ უფრო დააფასებენ იმ პერიოდს და იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს. მეუფე გრიგოლმა, დასასრულს იქ მყოფი საზოგადოება დალოცა.

პანაშვიდს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დიდ დარბაზს, უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მეუფე გრიგოლმა ზვიად გამსახურდიას, როგორც პოლიტიკოსის, პოეტის და საზოგადო მოღვაწის დამსახურებაზე და დღევანდელობაზე ისაუბრა.

მან ზვიად გამსახურდიას ლექსი „უძღები შვილი“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ გამსახურდიას ამ ლექსში საოცარი ღვთისმეტყველება ჩანს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მამა თევდორემ 9 აპრილი ქართველების წითელ პარასკევს შეადარა, და თქვა, რომ არა 9 აპრილის ტრაგედია, არ მოხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

მსგავსი სტატიები