სიახლე 

ფოთელმა ტაქსისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს 11 04 19


ფოთში, ტაქსის მძღოლებმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით, თბილისელი ტაქსისტების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათ მერიის წინ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „ლეობორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა ხორავას განცხადებით, დედაქალაქის ტაქსისტებისთვის, თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაცია, არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში რეგიონებზეც გავრცელდეს. თბილისის მერის მიერ ინიცირებული ტაქსების რეფორმის თანახმად, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ. A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს. B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ. ლიცენზიის გარეშე ამ საქმიანობის განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.

მსგავსი სტატიები