სიახლე 

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 27 05 19


ფოთში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა. წარმოდგენილი იყო შემეცნებითი და გასართობი პავილიონები, საინფორმაციო სტენდები, იმ ქართველი ემიგრანტების შესახებ, რომლებმაც საქართველოს კულტურის და ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

ასევე გამოფენილი იყო პროფესიული კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრები, ქალთა საზოგადოების მიერ შექმნილი ნაქარგები, ფოთელი მხატვრების ტილოები და სხვა ხელთნაკეთი ნივთები.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სკვერში საბავშვო შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. სპეციალურად დამზადებულ თეატრალურ პავილიონში, სხვადასხვა თემატურ ეტიუდებს აჩვენებდნენ. ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო ტექნიკამ, ჯავშან მანქანებმა და საბრძოლო იარაღებმა მიიპყრო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ცენტრალურ მოედანზე წარმოადგინეს.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქისა და მთლიანად ქვეყნის გაძლიერების, უმნიშვნელოვანესი დარგების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ საპატიო მოქალაქის წოდება შვიდ ადამიანს მიანიჭა. ასევე, დააჯილდოვეს სკოლის წარჩინებული მოსწავლეები.

შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

დღის ბოლოს კი, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებებს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

ფოთში, საზეიმო ღონისძიებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

მსგავსი სტატიები