სიახლე 

ფოთში აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდა 22 07 19


ფოთში, საქართველოს აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე, „ლაზერისა“ და „ოპტიმისტის“ საერთაშორისო კლასებში მიმდინარეობდა, სადაც 6 წლიდან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, საწყალოსნო სპორტის ბაზაზე ფოთელმა და თბილისელმა აფროსნებმა სასწავლო წვრთნები გაიარეს. ჩემპიონატის დასასრულს საიალქნო კლუბი „ფოთის“ გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. კლუბის ხელმძღვანელის, ნიკა იმნაძეს თქმით, სკოლაში დარეგისტრირება აფროსნობის მოყვარულ ყველა მსურველს შეეძლება. როგორც, საქართველოს აფროსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, სპორტის ეს სახეობა, ფოთში გარკვეული მიზეზების გამო რამდენიმე წელი არ არსებობდა. საიალქნო კლუბი „ფოთი“ საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, ვახტანგ ალანიას ხელშეწყობით, საწყალოსნო სპორტის მალთაყვის ბაზაზე იფუნქციონირებს. ვახტანგ ალანიას თქმით, სპორტსმენებისთვის საწყალოსნო სპორტულ ბაზაზე ვარჯიშისთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი და აქ არა მხოლოდ აფროსნებს, არამედ წყლის სპორტის ყველა წარმომადგენელს შეეძლება მომზადება. ჩემპიონატი „საქართველოს აფროსანთა ფედერაციის“ ორგანიზებით მოეწყო, რომლის მიზანი საწყალოსნო სპორტის განვითარებაა.

მსგავსი სტატიები