სიახლე 

ფოთში მრავალფუნქციური ჰოსპიტალი აშენდება 01 08 19


ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ფოსტის შენობის მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში მხოლოდ კარკასი აშენდა. 90-ან წლებში კი, მერიის ადმინისტრაციის განთავსება გადაწყდა. მოგვიანებით, შენობის პრივატიზება მოხდა და კერძო პირმა შეიძინა. ახალმა მფლობელმა 2000-ან წლებში, ნუგზარ ჭედიას არქიტექტორობით ქალაქისთვის დამახასიათებელი, თუმცა გათანამედროვებული არქიტექტურული სტილის შენობა ააგო. მას შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ეს შენობა უფუნქციოდ დგას. კლინიკა „იკამედმა“ სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა, რომ 3200 კვადრატული მეტრი ფართის შენობა შეიძინა, სადაც მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კლინიკის დამფუძნებელს თენგიზ გიგიბერიას და მის გუნდს გავესაუბრეთ. ,,იკამედი ფოთის“ მთავარმა ექიმმა, გოჩა კინწურაშვილმა აღნიშნა, რომ მათი მიზანია, ფოთის ჯანდაცვის სფეროსადმი პაციენტების ნდობა აღდგეს, რისთვისაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ახალი, სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიწოდება იგეგმება. თენგიზ გიგიბერიას თქმით, კლინიკა „იკამედი ფოთის“ ბაზაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი გაიხსნება, სადაც პაციენტებს მაღალ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მოემსახურება. გოჩა კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ხელსაყრელი პირობები შეიქმნება იმისთვის, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიული ექიმები, განსაკუთრებით კი ფოთელები ქალაქს დაუბრუნდნენ. იმ ფოთელ სტუდენტებს, კი რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობენ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა საკუთრ ქალაქში დაიწყონ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ცენტრის ინფრასტრუქტურიდან გამორჩეული იქნება საგანგებოდ დაგეგმარებული და განაშენიანებული, გამწვანებული ეზო, სადაც რეკრეაციული და დასასვენებელი ზონა განთავსდება. ფოთში მრავალპროფილური კლინიკა “იკამედი” 2005 წელს დაარსდა. ის დღემდე დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებს კომპლექსურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

მსგავსი სტატიები