სიახლე 

ფოთელი პენსიონერების ბრიფინგი 02 10 19

პენსიონერთა კავშირი „ბერბერა“ ფოთში 2013 წლიდან ფუქნციონირებს. მათი თავშეყრის ადგილი კუნძულის უბნის სანაპიროზე, ე.წ. ჭადრებთანაა. წლების განმავლობაში ისინი ზამთარ-ზაფხულ იკრიბებიან, მსჯელობენ ქალაქის პრობლემებზე, თამაშობენ ჭადრაკს, ვარჯიშობენ, უმრავლესობა ზამთარშიც კი ზღვაში ბანაობს. გუშინ, პენსიონერთა კავშირის წევრებმა სახელდახელოდ გამართულ ბრიფინგზე, გულისწყრომა გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ მათთვის განკუთვნილი ფართის მშენებლობის ვადებმა მომავალი წლისთვის გადაიწია , მათივე განცხადებით სანაპიროზე მიმდინარე ბულვარის მოწყობის სამუშაოები არასწორდაა დაგეგმილი და ორი წლის წინ დაყენებული განათების სისტემის შეცვლაც მიმდინარეობს, რასაც ისინი ორმაგ ხარჯად თვლიან და აცხადებენ, რომ ამ განათებების გამოცვლის „ზედმეტი“ ხარჯი მათ შენობას სრულად ააშენებდა კიდეც. კავშირის წევრების განცხადებით მათ მერის საგარანტიო წერილიც გააჩნიათ, სადაც ლაპარაკია, რომ კლუბის შენობა პროექტის პირველივე ეტაპზე უნდა განხორციელდეს. პენსიონერთა კავშირის წევრები ასევე მოითხოვენ ნაპირსამაგრი სამუშაოები დროულად დაიწყოს , რათა ზღვის მიერ არ მოხდეს სანაპირო ზოლის კიდევ უფრო მიტაცება. კავშირის წევრები აცხადებენ, რომ მათ ასევე აქვთ გამზადებული ორი პროექტი, რომლის მიხედვითც უნდა მოხდეს კუნძულის და ნაბადის უბნებში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარება და ამასთან, ამისთის საჭირო ასეული მილიონობით ინვესტიციების წყაროებიც მოძიებული აქვთ, თუმცა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ამ პროექტებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ფოთის მერიაში ამის საპასუხოდ აცხადებენ რომ, სანაპიროს დაცვითი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაში შედის და რიონის არხის ამოწმენდის შემდეგ ნაპირის ზღვისგან მიტაცების საფრთხე არ იარსებებს. პენსიონერთა კავშირის შენობა კი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. რაც შეეხება ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებს, ქალაქის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის, თენგო შონიას განცხადებით, იგი მზადაა შეხვდეს კავშირის წარმომადგენლებს და განიხილოს აღნიშნული პროექტები. პენსიონერთა კავშირის წევრები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის სხვა ფორმების გამოყენებასაც არ გამორიცხავენ და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

მსგავსი სტატიები