სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 06 02 20

ჩვენ მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება, – განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯიმ რიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ვაშინგტონში შეხვდა. სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო. ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, წერილის თანაავტორმა ჯინ შაჰინმა, “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, შეერთებულ შტატებს მიეცემა მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება: „დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული მათ წერილში. ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა და სწორედ ამ კონტექსტში იყო ჩემი მხრიდან ძალიან დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიცია, ყველა იმ პროცესთან მიმართებაში რა პროცესებზეც არის საუბარი წერილში.- აღნიშნა ზალკალიანმა.

ახლა კი ამერიკის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენაზე, პრეზიდენტის ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლაზე გადავიდეთ კონგრესში. ერისადმი თავის რიგით მესამე მიმართვაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურად ჟღერდა, იმის მიუხედავად, რომ ის ისტორიაში სულ მესამე პრეზიდენტია, რომელმაც მიმართვა წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებული, იმპიჩმენტის ფონზე გააკეთა. სამშაბათის გამოსვლაში, ამერიკის ლიდერმა ბევრჯერ შეაქო მისი ადმინისტრაცია და თქვა, რომ მათ სამი წლის მანძილზე “შეარყიეს ამერიკული უკუსვლის მენტალიტეტი” და უარი თქვეს “ამერიკელთა ბედის ლიმიტირებაზე”. პრეზიდენტის გამოსვლა თითქმის საათნახევარი გაგრძელდა და ის სავსე იყო წინასაარჩევნო ოპტიმისტური რიტორიკით. ტრამპმა ძირითადი ყურადღება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებლებზე გაამახვილა და ამ მიმართულებაზე საუბრისას, ხშირად ხმარობდა სიტყვას “რეკორდული”. “ჩემი ადმინისტრაციის მხოლოდ 3 წლის მანძილზე, 3.5 მილიონი სამუშაო ასაკის ადამიანი შეუერთდა დასაქმებულთა რიგებს” – თქვა პრეზიდენტმა. მან იქვე დასძინა, რომ ამერიკას დღეს დასაქმების რეკორდული მაჩვენებლები აქვს უმცირესობათა ჯგუფებში, ვეტერანებში, თუ ახალგაზრდებს შორის.

სპორტული პროდუქციის ცნობილმა გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ “ადიდასმა” განაცხადა, რომ ჩინეთში ბევრ მაღაზიას დროებით ხურავს. ამის მიზეზია ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელება, რომელმაც 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა. კომპანიას ჩინეთში დაახლოებით 12 000 მაღაზია აქვს. გასული წლის დასაწყისში, “ადიდასის” ნაწარმის გაყიდვა 11%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი 14%-ით. ანალოგიური ნაბიჯებისთვის ემზადება “ნაიკი” და “ჰუგო ბოსი”. მათ რამდენიმე მაღაზია ჩინეთში უკვე დახურეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი არამარტო ადგილობრივ, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.

მსგავსი სტატიები