მარწყვის ექსპერიმენტული სათბური ფოთში 27 05 20
დემეტრე ჭურღულია ისტორიის მაგისტრი და პროფესიონალი მორაგბეა. მან სპორტული კარიერა ფოთში დაიწყო და თბილისში გააგრძელა, შემდეგ კი ფრანგული კლუბების ღირსებასაც იცავდა. ამჟამად ონლაინ სწავლებას ჰარვარდის უნივერსიტეტში აგრო მიმართულებით გადის. ორი წლის წინ მან მხარი აუბა მამის ინიციატივას და თანამოაზრეებთან ერთად ფოთში ექსპერიმენტული სათბური მოაწყო. დემეტრემ სპეციალური კურსები იტალიასა და ესპანეთში გაიარა. ამჟამად სათბურში 5 სახეობის 6000-ამდე მარწყვის ძირია. დემეტრეს განცხადებით საქართველოში გავრცელებულ ჯიშებთან ერთად იშვიათი ჯიშების შემოტანაზეც მუშაობენ. აღსანიშნავია რომ სათბურის მოსაწყობად მასალები იტალიიდან არის შემოტანილი, ხოლო ნიადაგად ფერმენტირებული ტორფის სუბსტრატს იყენებენ, რომელშიც აგროპერლიტი და ბიოჰუმუსია ჩამატებული. იმის გამო რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მქონე ფოთში სახელმწიფო აგროპროექტები არ ხორციელდება ახალგაზრდებს ყველაფრის გაკეთება საკუთარი ძალებით მოუწიათ. დემეტრეს განცხადებით გაფართოებასაც აპირებენ. ხობის რაიონში საკუთარ ნაკვეთზე ჟოლოს პლანტაცია უკვე გააშენეს. ასევე გეგმავენ სხვადასხვა ფართების იჯარით აღებას და კენკროვანი კულტურების მოშენებას. დემეტრე ჭურღულიას განცხადებით სათბურის პროდუქციას ძირითადად თბილისში აგზავნიან და მასზე მოთხოვნა სტაბილურად დიდია.