სიახლე 

ფოთში ბიბლიოთეკაში ციფრული ბაზების შევსება მიმდინარეობს 01 06 20

ფოთის ბიბლიოთეკებში მხატვრული და ფოტო გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნის პრეზენტაციები, მწერლებთან შეხვედრები, კონკურსები, სემინარები, ლექციები, დისკუსიები და საქველმოქმედო აქციები ტარდებოდა. ბოლო პერიოდში კი ბიბლიოთეკაში მისთვის არადამახასიათებელი უჩვეულო სიჩუმე იყო, რადგან ვერ ხერხდებოდა მკითხველების მიღება. თუმცა მიუხედავად ორ თვიანი საკარანტინო რეჟიმისა ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ციფრული ბაზების შევსება არ შეჩერებულა. მიმდინარეობდა წიგნების დამუშავება. დღეს ბიბლიოთეკის დირექტორმა თანამშრომლებთან სპეციალური თათბირი ჩაატარა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შემოდგომისთვის ბიბლიოთეკა მკითხველს სიახლეებს სთავაზობს,შეიქმნება ორი სივრცე, პირველი იქნება მუზეუმი, რომელიც მოგვითხრობს ბიბლიოთეკის ისტორიას, თავისი ფოტოგამოფენით ხოლო, მეორე სივრცე მიეძღვნება პირველ ფოტოსალონს ფოთში. დღესვე შედგა ლიტერატურული სალონის „გულის სამელნეს“ წევრების შეკრება. ლიტერატურული სალონი სამი წელია რაც ფუნქციონირებს და ეს ქალბატონ ნუნუ ჭელიძის ინიციატივით შედგა. ფოთელებს მათ მიერ ჩატარებული არაერთი ღონისძიება ახსოვს. პანდემიის გამო ლიტერატურული სალონი ონლაინ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. მათ წელს არაერთი აქტივობა ჰქონდათ დაგეგმილი. მათი შეკრება სამომავლო გეგმების განხორციელებას ეხებოდა. ისინი ასევე ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს და განცდებს პანდემიის პირობებში ყოფნის დროს. ბიბლიოთეკა , დღემდე ყველა ასაკის ადამიანისთვის სასურველ და საინტერესო შეხვედრის ადგილად რჩება.

მსგავსი სტატიები