„გირჩის“ მაჟორიტარი კანდიდატი მისი ოჯახის წევრზე ფოთის მერიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს 12 10 20
“გირჩიდან” ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბორის ყურუას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოსტზე მისი კანდიდატურის დაყენებას მისი ოჯახის წევრის მისამართით მუქარები მოჰყვა. ბორის ყურუას თქმით , შპს “ტოპ გრუპს“, რომლის დირექტორიც მამამისია, მერიის წარმომადგენლები სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტით, ხელმძღვანელს კი დაჭერით ემუქრებიან. კანდიდატის განცხადებით მიუხედავად “ტოპ გრუპის“ მხრიდან არაერთგზის დასაბუთებული მოთხოვნისა, რომ ვადები გაეგრძელებინათ, მერიის მხრიდან უარი მოჰყვა.
ფოთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს და წერილობით გვიპასუხეს , ისინი აცხადებენ , რომ შპს “ტოპ გრუპი“ სამუშაოებს თავდადებულის ქუჩაზე, 15 ივლისიდან აწარმოებდა , თუმცა სამუშაოები მიმდინარეოდა ხარვეზებით, უხარისხოდ, კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის მნიშვნელოვანი ჩამორჩენით, რის თაობაზეც საზედამხედველო კომპანიის მიერ შედგენილი იქნა სამუშაოების შეუსაბამობის არაერთი აქტი და მერიის მიერ გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილები. მიუხედავად ამისა ხარვეზები დღემდე არაა გამოსწორებული.
მერიის გავრცელებული განცხადებით აღნიშნულ კომპანიას, ასევე მოგებული აქვს მეორე ტენდერი რომელიც ითვლისწინებს მსგავსი სამუშაოების შესრულებას თამარ მეფის ქუჩაზე. სადაც ანალოგიური პრობლემებია, გადათხრილია ტროტუარები და არ მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და სამთვიანი ვადის მიუხედავად, სამუშაოების დაწყებიდან ორი თვის შემდეგაც, კომპანიას არა აქვს წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების არც ერთი შუალედური აქტი.