სიახლე 

USAID საქართველოს დირექტორმა და ფოთის მერმა, საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი 31 03 22

ფოთში 31 მარტს, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, ქ.ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის და შპს ტრანსფორდის თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორიბის მიზანია, ადამიანური რესურსების განვითარების მხარდაჭერა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის შექმნის გზით. კერძოდ, USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის დაფინანსებით, შპს ტრანსფორდი, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან ერთად განახორციელებს ორი მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირებას მძღოლ ოპერატორებისა და დოკერებისათვის. პილოტირების ფარგლებში, ინოვაციური მოდელის მხარდასაჭერად, კომპანია ტრანსფორდი უზრუნველყოფს მსურველების სასწავლო კურსის დაფინანსებას და ასევე მოახდენს დასაქმებულების გადამზადებას. ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ტრანსფორდი და პეის ჯგუფი უზრუნველყოფს სტუდენტების დასაქმებას, ხოლო გადამზადებული თანამშრომლებს მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს USAID-ის მისიის დირექტორმა და ფოთის მერმა მონაწილეობა მიიღეს კიდევ ერთი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და კომპანია პრაიმ ბეტონის თანამშრომლობის ფარგლებში.

აღნიშნული გრანტის მიზანია თანამშრომლობის პლატფორმის პილოტირება სამშენებლო სექტორში დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად. კერძოდ, პრაიმ ბეტონი ახორციელებს ფოთის პორტის გაფართოების პროექტს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის’’. USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს.

მსგავსი სტატიები