სასამართლომ ფოთის მერი დამნაშავედ სცნო
საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანონით დადგენილ ვადებში უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, ფოთის საქალაქო სასამართლომ ფოთის მერი 800 ლარით დააჯარიმა. მათი ინფორმაციით, 2015 წლის 18 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატში შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა და ირაკლი კაკულია სამართალდამრღვევად ცნო. „ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ ეთანხმება. სპეციალურ განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით მერიის ოფიციალურ გვერდზე დღეს საღამოს გავრცელდა, ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონის არასწორ განმარტებას ეფუძნება და საქმის გარემოებების სრულყოფილ შესწავლაზე არ არის დაფუძნებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვინაიდან გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული, მერია თავს იკავებს კომენტარისგან.