სიახლე 

ფოთის 2018 წლის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოვება 31 12 18


ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში სასწავლო წლის შემაჯამებელი საზეიმო დახურვა გაიმართა, რომელიც ტრადიციულად უკვე მეხუთე წელია ტარდება. დღევანდელ შეხვედრაზე ახალი თაობის წარდგენა მოხდა და მიღწეული წარმატებებისთვის მათი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. საღამო კი საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა ბარბარე კულუამ და ანა სალიამ მუსიკალურად გააფორმეს. მიმდინარე წელს, ფოთის საჭადრაკო კლუბმა 60-მდე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მათგან 20 ღონისძიების ორგანიზატორი თვად იყო. ფოთის საჭადრაკო კლუბმა, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების და საერთშორისო ტურნირების შედეგების მიხედვით წლის საუკეთესო მოჭადრაკეები გამოავლინა და დააჯილდოვა. წლის საუკეთესო მოჭადრაკის ნომინანტის ტიტული ოთხმა მოჭადრაკემ, ნია ჭითნავამ, გაგა გვასალიამ, კახაბერ კიზირიამ და ელენე წოწონავამ მიიღო, ხოლო ფოთის წლის საუკეთესო მოჭადრაკე დიანა ლომაია გახდა. მას და მის მწვრთნელს სიგელთან ერთად, ნანა ალექსანდრიას მიერ დაწესებული ფულადი პრიზი გადაეცათ. შემაჯამებელ საღამოზე, საახალწლო ტურნირის 5, 6 და 7 წლის დამწყებ მოჭადრაკეთა შორის გამარჯვებულები, ასევე 7 და 9 წლის მოჭადრაკეთა შორის და ღია ტურნირის გამარჯვებულები სერთიფიკატებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. ასევე საჭადრაკო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის მე-5 საჯარო სკოლა დაჯილდოვდა. ფოთში ჭადრაკისა და შაშის განვითრებას, ჯერ კიდევ 50-ან წლებში ავნერ ფეიდერისა და შემდგომში ირაკლი ლოლუას ხელმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი. 1987 წელს საჭადრაკო კლუბი დაფუძნდა, რომელსაც ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას სახელი ეწოდა. ფოთის საჭადრაკო კლუბმა ბევრი წარმატებული მოჭადრაკე აღზარდა, მათ შორის გამორჩეულია, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი და ევროპის ახლგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი ნინო ანაკიძე.

მსგავსი სტატიები