სიახლე 

რა ლეგენდები არსებობს ჩიჩილაკის და ნაძვის ხის შესახებ 31 12 18

ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია, რომელსაც სიკეთის, დოვლათისა და ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ დამკვიდრდა საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა. ამის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ტრადიცია XVI საუკუნეში, გერმანელი ბერისა და თეოლოგის, მარტინ ლუთერის სახელს უკავშირდება. გადმოცემის თნახმად, ლუთერმა ერთ-ერთ შობას, სადღესასწაულო მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული პატარა თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, გერმანიაში, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში იზრდებოდა. ხეს ბაფთებით, ხილითა და ორცხობილებით რთავდნენ. რაც შეეხება, საქართველოში საახალწლო ისტორიას, ხალხური გადმოცემით ჩიჩილაკი საახალწლო სიმბოლოდ ითვლება, მას წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ, წმ. ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ სწრაფვას. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს სადღესასწაულო ხონჩაზე, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან კეთდება. ოსტატი, მახვილი დანით ასობით გრძელ ბურბუშელას ათლის. ჩიჩილაკის ერთ-ერთი ატრიბუტია კალპი, ის მარადმწვანე სუროსაგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია. ტრადიციის თანახმად, ნათლისცემის წინა დღეს ,,ბასილას წვერებს” წვავდნენ და მის ფერფლს გასული წლის უსიამოვნებებს ატანდნენ. ჩიჩილაკი დღესდღეობით,ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს და რიტუალური ნივთის ფუნქციას კარგავს.

Tamuna

მსგავსი სტატიები