სიახლე 

ფოთში ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს 14 03 19


ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, პროტესტის ნიშნად მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ საავტომობილო გზის გადაეკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოვაჭრეების განცხადებით ხელისუფლება, მაღაზიების საჩრდილობელი ნაწილის მოხსნას ითხოვს, რომელიც მათივე მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდათ. „მაღაზიებს რომლებსაც აქვთ გადახურვა, გვეუბნებიან ჩაჭერითო, არა და ეს გადახურვა თვითონ მერიის პროექტის მიხედვით გავაკეთეთ, რაც ძალიან დიდი თანხა დაგვიჯდა. ახლა გვეუბნებიან ჩაჭერითო. რატომ ვერ ვხვდებით. რომ მიგვითითეს იმ საზღვრებში ვართ ჩატეული“_ განაცხადა თაკო კეკელიამ.

მოვაჭრეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვდნენ. როგორც მათ განმარტეს, ზოგიერთ მოვაჭრეს პროექტით გათვალისწინებული საზღვარი დარღვეული აქვს, ბაზრის ცენტრალური გზა კი ქალაქის საკუთრებაა და უსაფრთოების ნორმებიდან გამომდინარე ის აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. „ჩვენი პოზიცია არის ასეთი, წესრიგში უნდა მოვიყვანოთ ის ტერიტორია რომელიც ეკუთვნის ქალაქს. მოგეხსენებათ საკოლმეურნეო ბაზარში არის გასავლელი, რომელიც არის ქალაქის საკუთრება. ჩვენ ვცდილობთ ეს გზა მოვიყვანოთ წესრიგში და დავიცვათ ყველა ის ნორმები, რომელიც ეხება უსაფრთხოებას“_ აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ კოტე თოფურიამ. მოვაჭრეები მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

მსგავსი სტატიები