სიახლე 

ფოთელი ხელბურთელი გოგონები დოჰაში მიემგზავრებიან

ქალაქ ფოთის მეორე საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდი „კოლხები“ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელიც კატარის დედაქალაქში დოჰაში გაიმართება.
გუშინ გუნდის წევრებსა და მწვრთნელს დარეჯან გეფერიძეს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია შეხვდნენ.
შეხვედრას საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი გოჩა გეგენავა და მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე და ფოთის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს დილით კი მე-2 საჯარო სკოლის ხელბურთელები საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრნენ , შემდეგ კი ისინი გულშემატკივრებმა ტაძრის ეზოდან გააცილეს.
ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდი „კოლხები“ საქართველოს ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზური, მათ, ქვეყანაში პირველებმა მოიპოვეს.
დოჰაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი 21 თებერვალს დაიწყება და 1 მარტს დასრულდება. მასში 60 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდს საფრანგეთის, დანიისა და ხორვატიის გუნდებთან მოუწევს შერკინება.

მსგავსი სტატიები