სიახლე 

ფოთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 03 06 19



1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბავშვების მიერ შექმნილი ქართული რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და ნახატები ენახათ. ღონისძიების ფარგლებში, სახელოვნებო ცენტრთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ხატვის წრის მოსწავლეების გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე საქალაქო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა თოჯინები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით, N1 საბავშვო ბიბლიოთეკის ეზოში გასართობი ადგილი მოეწყო _ სახელწოდებით “საქართველო ჩვენით იწყება”. საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, თავიანთ ერთგულ მკითხველებთან ერთად ხელნაკეთი ნივთები და ნახატები გამოფინეს. ბიბლიოთეკის შემოქმედებით კუთხეს ყველაზე პატარა მხატვრის, მარიამ კეკელიძეს ნამუშევრებიც ამშვენებდა. ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეხუთე საჯარო სკოლაში. სადაც მოზარდებმა საბავშვო ზღაპარი_”ლურჯი ფრინველი” მაყურებლის წინაშე წარადგინეს. სკოლის ეზოში, მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა თამაშობაში ჩაერთნენ. ღონისძიება შემეცნებით-გასართობი ხასიათის იყო. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ში ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ჩატარდა, სადაც 41 მოჭადრაკე მონაწილეობდა. დღის ბოლოს ტურნირის გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. დღის ბოლოს, კულტურისა და დასვენების პარკში კონცერტი გაიმართა. სადაც, სახელოვნებო ცენტრთან არსებული საბავშვო მუსიკალური ანსამბლები გამოდიოდნენ. მსახიობ გუჯა ქარაიას ხელმძღვანელობით, კი ხელოვნების ცენტრთან არსებული თეატრალური განყოფილების მოსწავლეებმა, გასართობი კოსტიუმირებული სანახაობა მოაწყვეს. ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები