სიახლე 

ფოთში ფეხბურთში სამეგრელო ზემოსვანეთის ჩემპიონატი გაიმართა 24 06 19


ფოთში, ე.წ. მალანიას სტადიონზე, სამეგრელო ზემო – სვანეთის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი 2007 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა. ერთმანეთს ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდი და მარტვილის დინამო აკადემია დაუპირისპირდნენ.

პირველი ტაიმის დასაწყისში, ფოთელებმა თამაში შეტევით დაიწყეს და შეძლეს 3 ბურთით დაწინაურება, თუმცა მარტვილის დინამომ თანდათან თამაშის სადავეები ხელში აიღო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმი ისევ მარტვილელთა უპირატესობით დაიწყო და ისინი 5:3 დაწინაურდნენ. მატჩის ბოლოს გააქტიურებულმა ფოთელებმა მხოლოდ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლეს და საბოლოოდ მატჩი მარტვილის სასარგებლოდ ანგარიშით 5:4 დასრულდა.

მარტვილის დინამო აკადემიის გუნდში 5 ფოთელი თამაშობს და მათგან ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ მარტვილში გადასული ფეხბურთელების მშობლების განცხადებით, თუ ფოთის სტადიონის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება, ბავშვებს ფოთის საფეხბურთო სკოლაში დააბრუნებენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს ე.წ მალანიას სტადიონის რეაბილიტაციას, რომელიც ივნისის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო.

აღნიშნული საკითხის გასარკვევად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან სატელეფონო ხაზზე დაკავშირება ვცადეთ, თუმცა არც სატელეფონო და არც ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გვიპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს, ხობში ნოდარ შენგელიას სახელობის ტურნირი ჩატარდა, რომელიც 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ტურნირი 2009წ. დაბადებულ ჭაბუკთა შორის გაიმართა, სადაც ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდმა მარტვილის დინამო აკადემია ანგარიშით 5:3 დაამარცხა. ფოთელებმა გარდამავალი თასი მეორედ მოიპოვეს.

მსგავსი სტატიები