სიახლე 

ფოთის ჰიდრომელიორაციის შენობის პროექტირება დაიწყო 24 07 19


ფოთში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ყოფილი ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქცია ახლო მომავალში დაიწყება. შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ მთავარი არქიტექტორი, კონსტანტინე ტყეშელაშვილი შენობის პროექტზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში დასრულდება და დამკვეთს ჩაბარდება. როგორც, არქიტექტორმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან და საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა შენობის რეკონსტრუქციის საკითხი. როგორც მან აღნიშნა, ნგრევის პირას მისული ძეგლის გარე ფასადის რეაბილიტაცია ისე მოხდება, რომ ნაგებობის თავდაპირველი იერსახე არ დაიკარგოს. შეგახსენებთ, მაისის თვეში ფოთის მერიასა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ფოთის ყოფილ ჰიდროტექნიკუმის შენობაში, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი დაიწყებს ფუნქციონირებას. შენობა, მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს აშენდა. აღნიშნულ ადგილზე ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

მსგავსი სტატიები