სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 22 01 20

გამარჯობა, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“, ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან, ქართლოს შარაშენიძე მუშაობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, დღეს ეგრეთ წოდებული „ჩინური ვირუსის“ შესახებ იმსჯელებენ. კორონას სახელით ცნობილმა ახალმა ვირუსმა უკვე იმსხვერპლა ოთხი ადამიანი. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია შიშობს, რომ ვირუსი შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამ დღეში, დაინფიცირების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მომაკვდინებელი, თითქმის უცნობი ვირუსისისგან მომავალი საფრთხეების ზრდასთან ერთად, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტებში. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში. ჩინელმა მედიკოსებმა, რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება შეუძლია.

ჯერ კიდევ უცნობია, ჩაერთვება თუ არა შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ირანში ჩამოგდებული უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის, ეგრეთ წოდებული შავი ყუთის შესწავლაში. ორ ქვეყანას დახმარება ირანის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებმა თხოვეს. მანამდე კი, სამოქალაქო ავიაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „უკრაინული ავიახაზების“ კუთვნილ სამგზავრო ავიალაინერს, ერთზე მეტი რაკეტა ესროლეს. ოფიციალურ ანგარიშში დასტურდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რუსული წარმოების საზენიტო რაკეტებით ჩამოაგდეს. შედეგად, ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა. ოფიციალურმა თეირანმა, რამდენიმე დღიანი უარყოფის შემდეგ აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით, თავად ჩამოაგდეს, რასაც ქვეყანაში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები მოჰყვა.

რიჩმონდში, ვირჯინიის შტატის მკვიდრებმა, იარაღის ფლობისა და ტარების უფლების შენარჩუნების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გამართეს. „ვირჯინიის მოქალაქეთა თავდაცვის ლიგა“ იარაღთან დაკავშირებულ ინიცირებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება. იარაღის ფლობასა და ტარებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს, ვირჯინიის გენერალური ასამბლეა გეგმავს. გამართულ დემონსტრაციაზე 20 000 ზე მეტი ადამიანი მივიდა, მათ შორის ბერს თან სხვადასხვა ტიპის იარაღი ჰქონდა.

ჯონ და ლორა ჰანტერები, სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობენ და 15 წელზე მეტია დაოჯახებულნი არიან. როგორც ბევრ წყვილს, მათაც რადიკალური პოლიტიკური გემოვნება აქვთ. მაგრამ არსებობს ერთი საითხი, რაზეც ისინი უსიტყვოდ თანხმდებიან – ამერიკაში უკანონოდ ჩამოსულ იმიგრანტებს, დახმარება სჭირდებათ და ამისთვის წყვილი ყველაფერს აკეთებს.

კალიფორნიაში დაფუძნებული სტარტაპი მსოფლიოში რობოტების პირველ კოლონიას ქმნის. ასობით რობოტი არა დედამიწაზე, არამედ მთვარისა და მარსის ზედაპირზე იმუშავებს და იქ სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩაატარებს. რა მიზნით გადაწყვიტა სტარტაპმა ამ რობოტების შექმნა, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

დღეისათვის სულ ეს იყო. „სტუდია ვაშინგტონი“ „ამერიკის ხმის“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი, ეთერში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გადის. ჩვენი გადაცემების ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე www.amerikiskhma.com შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. ნახვამდის.

მსგავსი სტატიები