სიახლე 

ქართველი იახტსმენი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან დაბრუნდა 10 07 20

2018 წლის 5 ოქტომბერს ფოთის პორტიდან დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ, იახტა „ჯინჯერით”, ქართველი აფროსანი გიორგი ვადაჭკორია გაემართა. 15 მ-მდე სიგრძის შვედური წარმოების იახტა პორტუგალიაში იქნა შეძენილი. მას 3 კაიუტა გააჩნია, სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ იახტა არ არის სპორტული კლასის, მოყვარულთა შორის რეგატებში ხშირად მონაწილეობდა. დედამიწის გარშემო მოგზაურობისთვის იახტის მომზადება 2017 წლის დეკემბრიდან პორტუგალიაში დაიწყო. საბოლოო ჯამში ზღვაოსნებმა, რუკის მიხედვით 28 000 საზღვაო მილი დაფარეს, თუმცა გიორგი ვადაჭკორიას განცხადებით, ნავის მოძრაობა ქარის მიმართულებაზე იყო დამოკიდებული და ისინი ხშირად იძულებულნი იყვნენ ეგრეთ წოდებული გალსებით, ანუ ზიგზაგურად ემოძრავათ და მათი გათვლებით რეალურად 35 000 საზღვაო მილი გაიარეს. გიორგი ვადაჭკორიას მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე პარტნიორობას, მისი შვილები და იახტსმენი ირაკლი ყურაშვილი უწევდნენ, რომელთან ერთადაც მარშრუტის საწყისი და საბოლოო ეტაპები გაიარა. გიორგი ვადაჭკორიას განცხადებით, კორონა ვირუსმა გეგმების განხორციელებაში სერიოზული პრობლემები წარმოქმნა, რადგანაც 25 მარტის შემდეგ, როცა ტაილანდის ტერიტორია დატოვეს, მათი მცდელობები შესულიყვნენ მარაგების შესავსებად პორტებში უარყოფილი იყო და 74 დღის განმავლობაში ხმელეთზე გადაუსვლელად მოუწიათ მოგზაურობა გიორგი ვადაჭკორია აცხადებს, რომ საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ზღვის არდაფასება არ შეიძლება და ზღვაც თავის წილ სიყვარულს გაიღებს ჩვენს მიმართ.

მსგავსი სტატიები