სიახლე 

ფოთში ეტალონის მე-2 ტურის გამარჯვებული გამოვლინდა 02 04 19


ფოთის, მე-2 საჯარო სკოლის დარბაზში სოციალურ – საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონის“ ზონალური ტური გაიმართა. ფოთის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად, შიდა სასკოლო ტურში გამარჯვებული 70 მოსწავლე იბრძოდა. ტურის დასასრულს, მედიაპროექტ ,,ეტალონის” ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა საპრიზო ადგილის მფლობელებთან ერთად, ათეულში გასული მოსწავლეები დაასახელა. ზონალური ტურის მესამე ადგილი მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მაგდა ლომაიამ დაისაკუთრა, მეორე ადგილი მე-6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ანრი ტაკიძემ მოიპოვა, ხოლო „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი შპს „გიმნაზიას“ მე-10 კლასელი ლუკა გოგმაჩაძე გახდა, რომელიც 15 ივნისს ინტელექტ – ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელი და დიპლომი გადაეცათ.

გოჩა ტყეშელაშვილის თქმით, ეტალონის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებსა და ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი განათლების მიღების მოტივირებაა.

პროექტ “საქართველოს ეროვნული ინტელექტ – ჩემპიონატის” ფარგლებში “ეტალონი” საქართველოს ყველა რეგიონს სტუმრობს და “ეტალონ მოსწავლეს” გამოავლენს, რომლებიც ინტელექტ – ჩემპიონატის დასკვნით ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ინტელექტუალური კონკურსი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები