სიახლე 

ფოთში მეთევზეებმა აქცია გამართეს 29 01 20

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით სამი წლის წინ გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია თუ რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს. მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეებს ხელისუფლება ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, მაგრამ მათთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბაზრობა 2017 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

მსგავსი სტატიები