სიახლე 

ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია 30 03 21

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში – ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია გაიხსნა. სასწავლებელს თანამედროვე სიმულატორი „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“-მა გადასცა. დღესვე ხელი მოეწერა ფოთის საზღვაო საწვრთნელი ცენტრს და „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, „ამ ეტაპზე საქართველოში არ გვაქვს ამ სიმულატორის ანალოგი. სრულიად თანამედროვე სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საკლასო სწავლების პირობებში. აღსანიშნია, რომ თანამედროვე ტექნიკის ექვსი ტიპიდან ორი ჯერ კიდევ არ გამოიყენება ქართულ პორტებში, თუმცა, მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება უახლოეს მომავალში ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ექსპლოატაციისათვის“.

როგორც იოსელიანმა განაცხადა: „უახლოეს მომავალში საზღვაო სასწავლებელში გადამზადდებიან ფოთის პორტში დასაქმებული პირები. ძალიან მალე კი – დაიწყება მეთვზე-მეზღვაურთა გადამზადებაც, რათა მათ შეძლონ ახალ გემებზე მუშაობა“.

ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი, ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯულიან ფერნანდესი და ადამიანური რესურსების და კომუნიკაციების დირექტორი ლელა კვანტალიანი.

მსგავსი სტატიები