,,პოლიტიკა აღარ არსებობს და რაც არ არსებობს იქ ყოფნა არ მინდა”
კვლევები ადასტურებს, რომ ქალ პოლტიკოსებზე ხშირი და დაუსრულებელი თავდასხმების გამო, რისი ნაწილიცაა გენდერული დეზინფორმაციაც, პოლიტიკას ქალები ნაკლებად უერთდებიან და ამასთან ხშირად ტოვებენ. ერთ-ერთი ბოლო პოლიტიკოსი ქალი, ვინც საქართველოში პარტიულ საქმიანობას გამოეთიშა თამარ კორძაიაა. მიზეზებზე ჩვენს სტატიაში შეიტყობთ.

რატომ ებრძვიან აქტიურ ქალებს? – ეს კითხვა მკველვარებმა 2024 წლის არჩევნების კონტექსტშიც დასვეს. კვლევამ გამოავლინა, რომ ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების მხრიდან ქალების მიმართ ნდობაცაა.
,, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ქალები უმცირესობაში არიან, ისინი ოპოზიციურ პარტიებში ყველაზე მეტად აქტიურობენ და ნაკლებად ერიდებიან ძალაუფლების კრიტიკას.” – ვკითხულობთ ნუკრი ტაბიძისა და ქეთი მურღულიას ავტორობით მომზადებულ უახლეს პუბლიკაციაში: ,, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში გავრცელებული გენდერული და იდენტობის ნიშნით დეზინფორმაციის კვლევა საქართველოში”
ეს და სხვა კვლევებიც ადასტურებს ქალ პოლტიკოსებზე ხშირ და დაუსრულებელ თავდასხმებს. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ პოლტიკური შინაარსის თავდასხმების მოტივატორი მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციაა.
,, წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ ვეღარ ვხედავ პოლიტიკას საქართველოში. პოლიტიკა არის დიალოგი და კომპრომისებისკენ სვლა ოპოზიციის და ხელისუფლების მიერ. უბრალოდ დამღლელია როცა პოლიტიკა არ არსებობს, და რაც არ არსებობს იქ ყოფნა არ მინდა. მე ვერ დავინახე ვერავისგან დიალოგის მზაობა. თუ არ იქნება დიალოგი, ერთი აუცილებლად დამარცხდება და მეორე გაიმარჯვებს” – ასე განმარტა ჩვენთან ინტერვიუში თამარ კორძაიამ პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი, სულ ბოლოს ის ოპოზიციურ ფლანგს წარმოადგენდა, თუმცა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელიც.
,,საზოგადოებაში ფესვგამდგარი გენდერული სტერეოტიპები და სექსიზმი ქალ პოლიტიკოსებს ადვილ სამიზნედ აქცევს. მათი რიცხვი ისედაც მცირეა და ქალობის გამო მათი კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება და დისკრედიტაცია უფრო ადვილია. გარდა ამისა, ქალებს ორმაგი სტანდარტი მიესადაგება, სადაც ისინი არა მათი კომპეტენციის, არამედ სხვა მახასიათებლების მიხედვით განიკითხებიან, მაგალითად, მათი გარეგნობა, პირადი ცხოვრება საზოგადოებრივი განსჯის საგანი უფრო ხშირად ხდება ვიდრე ჰეტეროსექსუალი კაცის. მათ მოეთხოვებათ მასკულინური გამოხატვა მასკულინურ სფეროში, თუმცა შემდეგ მათ განიკითხავენ ფემინურობის ნაკლებობის გამო. ეს ჩაკეტილი წრე ადვილი მანიპულაციის საშუალებას იძლევა” – ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც ასევე ავლენს რომ ქალი პოლიტიკოსების მიმართ 2024 წლის არჩევნების პერიოდში, ყველა სახის დეზინფორმაცია გვხვდებოდა.
- პროპაგანდა – ასეთი ინფორმაციის მიზანი ადამიანების შეცდომაში შეყვანაა და როგორც წესი გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტში ხორციელდება. მას სისტემატური ხასიათი აქვს და ჩვენს შემთხვევაში უფრო გლობალური ანტიგენდერული პროპაგანდის ნაწილია, მოიცავს და გაწყვილებულია დეზინფორმაციის სხვა ფორმებთან.
- ფრეიმინგი – რეალობის ინტერპრეტაცია, რომელშიც სიმართლის მანიპულაცია ხდება კონკრეტული მიზნით. ასეთი დეზინფორმაციის დარეპორტება და ამოცნობა რთულია, რადგან ის ტექნიკურად სიცრუე შეიძლება არ იყოს და შეიცავდეს სიმართლის ელემენტებს.
- შეთქმულების თეორიები, რომელიც გულისხმობს, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები შეკრული არიან რაღაც საიდუმლო სცენარის ირგვლივ.
- ჭორი – გაურკვეველი სიზუსტის ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივი მასალის გარეშე ვრცელდება, როგორც წესი სოც. მედიაში
- სატირა – ირონიის და იუმორის შემცველი ახალი ამბები, რომელიც შეიძლება აზვიადებდეს სიმართლეს ან მცდარ ინფორმაციას ავრცელებდეს.
თამარი იხსენებს, რომ პირდაპირი გაგებით გენდერული ნიშნით დეზინფორმაციაზე მეტად, აწყდებოდა თავდასხმას, თუმცა პერიოდულად ხვდებოდა დეზინფორმაციის შემთხვევებიც. ამ გამოწვევასთან გამკლავებას სხვადასხვაგვარად ცდილობდა:
,, – დეზინფომრაციის არსი ხომ ის არის რომ მას აქვს მიზანი, ანუ ვიღაც დეზინფორმაციას ავრცელებს განზრახ, დასაზიანებლად. თუ ისეთი შემთხვევაა რომ დეზინფორმაცია გავრცელდა შემთხვევით, მაშინ ვუკავშირდები მედიას, პასუხის უფლებით ვსარგებლობ და ეს უფრო ეფექტიანია. შემდეგ ისინი ასწორებენ ამ ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში, როცა ეს გამიზნულია, მათ განზრახული აქვთ რომ შენზე არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელონ. ამ დროს არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს. ბუნებრივია როდესაც მედია არის მიკერძოებული, ძირითადად სატელევიზიო მედია, როდესაც მედიაში პოლიტიკური ფულია და ინტერესი, შესაბამისად ის მედია მიკერძოებულია პოლიტიკურად. აქედან გამომდინარე, მე როცა ვიყავი ოპოზიციაში, სახელისუფლებო მედია მივრცელებდა დეზინფორმაციას” – გვიხსნის თამარი.
მკვლევარები, რომელზეც ჩვენს სტატიაში ასევე გიყვებოდით, მიიჩნევენ და მთავარ რეკომენდაციად წერენ, რომ საჭიროა ამ პრობლემაზე დუმილის დაღღევა. იგივეს ფიქრობს თამარ კორძაიაც.
,,- პოლიტიკოსები თუ არ გადადგამენ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ და იმისკენ, რომ ადამიანებს არ უნდა დევნიდნენ და სიძულვილის ენას არ უნდა იყენებდნენ არანაირი ნიშნით არც გენდერულით და არც სექსუალური უმცირესობის, რა თქმა უნდა სიტუაცია უფრო გამწვავდება. პოლიტიკოსებს აქვთ გადამწყვეტი როლი და პოლიტიკოსებს უნდა ყოფნიდეთ სითამამე რომ ისაუბრონ იმაზე თუ რა არის რეალური პრობლემა”.
მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად პოლიტიკიდან უკვე წასულ ქალს აქვს დადებითი გამოცდილებებიც. აქაც თამარი ერთგავრად ეთანხმება კვლევის მიხედვით საზოგადოების ჩართულობის განსაკუთრებულ როლს და მნიშვნელობას. იხსენებს, რომ სახელისუფლებო ძალების მხრიდან მის მიმართ პროსამთავრობო არხებით შეტევის დროს, სწორედ საზოგადოების ხმარდაჭერა მიიღო:
,,საზოგადოება ბუნებრივია მიცავდა და აკეთებდა ჩემს მხარდასაჭერ განცხადებებს. მახსოვს 8 მარტი იყო, მერვე მოწვევის პარლამენტში და საოცარი წერილები მომივიდა ქალებისგან მხარდაჭერის მიზნით, ეს წერილები ახლაც შენახული მაქვს”.
მარიამ ყვავაძე