სიახლე 

ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში 25 03 19

ხმაური იყო დღეს ფოთის აგრარულ ბაზარში. შინაური ფრინველების რეალიზატორებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია ადგილის დატოვებას სთხოვს, რადგან ფრინველების ამ ფორმით ვაჭრობა სტანდარტებს არ შეესაბამება. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათი თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. „გვეუბნებიან გადით აქედან და სადღაც ჩიხში გვთავაზობენ გადასვლას, სადაც ვაჭრობა შეუძლებელია, ფრინველი ღია სივრცეში უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა აღდგომამდე დაგვრთონ ნება აქ ვაჭრობის, შემდეგ დროებით გადავალთ იქ სადაც გვეტყვიან და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისევ უკან დავბრუნდებით“ _ განაცხადა მარიამ კუპრავამ. აღნიშნულთან დაკავშირებით ბაზრის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 25 03 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უნივერსიტეტის პროფესორებმა ორი ახალი წიგნი: მიტროპოლიტი კალისტე უეარის „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“ და კრებული – „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს და ამ წიგნების გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზენტაციას ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორი ამოქმედდა 21 03 19

ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორი ამოქმედდა. გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. აკაკი საღირაშვილის განცხადებით, დღეიდან საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს. ეკონომიკის სამინისტრომ შპს “საქაერონავიგაციასთან” ერთად, ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორის დამონტაჟებით, დაასრულა ერთიანი საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელმაც სრულყოფილი გახადა საავიაციო მეტეო ინფორმაციის მოპოვება. ფოთში დამონტაჟებული X-დიაპაზონის მაგნეტრონის მეტეოროლოგიური სარადარო სისტემის საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, მწერალი ლაშა ბუღაძე ახალგაზრდებს შეხვდა 21 03 19

ფოთში, მწერალი ლაშა ბუღაძე იმყოფებოდა. ის მოსწავლე, ახალგაზრდებს პროექტ „მწერლები ევროპული ღირებულებისათვის“ ფარგლებში შეხვდა. მან საქართველოს ევროპულობის იდეაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა, ეს არის კატეგორია, რომელიც ცდება გეოგრაფიას. მისი თქმით ევროპული იდეები _ ადამიანის არჩევანის დაცულობა, კეთილდღეობა და რეალიზების თანაბარი შესაძლებლობაა. შეხვედრა „ევროპის ფონდის“ ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,დიოსკურიას” ოფისში პრეზენტაცია გაიმართა 21 03 19

არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში, ქარგვის და ხელსაქმის შემსწავლელი ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საკრებულოს წარმომადგენები დაესწრნენ. „დიოსკურიას“ ხელმძვანელის განცხადებით, პროექტი ერთი თვეა რაც ამოქმედდა. მისი მიზანია დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს თვითრეალიზებაში შეუწყოს ხელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი შევიდა 20 03 19

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილ თოდუას განცხადებით, აღნიშნული უწყება, მალთაყვის სანაპიროს რეაბილიტაციის პროექტის დოკუმენტაციით დაინტერესდა. საქმე ეხება 2015-2017 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს. ოპოზიციის მტკიცებით, ფოთის მერიაში, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს შესვლა მოსალოდნელი იყო, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალზე სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ფოთის მერიაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ. ამ ეტაპზე ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 20 03 19

ფოთში, 13 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის 28 ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა, მე-7 რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად მიიღეს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს. მისი ღირებუება 308 804 ლარს შეადგენს. როგორც სხდომაზე გაიჟღერა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულების პირობის თანახმად, სამი წლის განმავლობაში, დაზიანების გარეშე ლიფტების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, სპორტული და სამეჯლისო ცეკვების პროფესიონალთა ჯგუფმა მასტერ კლასები ჩაატარა 19 03 19

მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში, სამეჯლისო სპორტული ცეკვების ჯგუფი „მზის გულის“ მოსწავლეებისთვის თბილისიდან მოწვეულმა პროფესიონალმა მოცეკვავეებმა ხუთ დღიანი ლექცია-სემინარები ჩაატარეს. „მზის გულის“ ხელმძღვანელის, ლევან მაშავას ინიციატივით, ნორჩი მოცეკვავეებისათვის კვალიფიკაციისა და ცეკვის ხარისხის ასამაღლებლად მასტერკლასები, საქართველოს სამეჯლისო და სპორტული ცეკვების პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა თეა წიკლაურმა, ,,ცეკვავენ ვარსკვლავების” მოცეკვავეებმა, საქართველოს ჩემპიონებმა ირაკლი ძაძამიამ და ირა კვიტინსკაიამ გამართეს. „მზის გულის“ მოცეკვავეები საქართველოს თასის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან, რომელიც ზუგდიდში 24 მარტს გაიმართება. ხოლო ოთხი მოსწავლე 29-31 მარტის ჩათვლით საბერძნეთის დედაქალაქში საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება, სადაც მსაჯის სტატუსით ლევან მაშავა არის მიწვეული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მაგისტრის დიპლომი გადაეცათ 19 03 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა პირველ ნაკადს, მაგისტრის დიპლომები გადასცეს. ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა უნივერსიტეტის 14 კურსდამთავრებულს თეთრი ფერის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი, წიგნებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცა. უნივერსიტეტში როგორც აღნიშნეს, ეს დღე, არა მარტო საქართველოს ახალი უნივერსიტეტისთვის არამედ ქართული ფილოსოფიისა და ქართული აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ზოგიერთი მათგანი, უნივერსიტეტის კედლებში გააგრძელებს აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას. მაგისტრის დიპლომების გადაცემას სასულიერო პირები, პროფესორ მასწავლებლებთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრნენ და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

მარნეულში, მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პროექტი იწყება 18 03 19

მარნეულში, მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროექტი იწყება, რომელიც ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მარნეულის კომპოსტირების საწარმოს თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას ისახავს, ასევე, იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის, დაახლოებით, 50%-ს იკავებს. პილოტური პროექტის პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილე მეტი