სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 10 02 20

გასულ კვირას ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქართული დელეგაცია. სენატორებთან შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში, ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრით დაიწყო. კონგრესმენი კინზინგერი აცხადებს, რომ ნებისმიერი მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, დიალოგის გაგრძელება მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დავით ზალკალიანსა და ამერიკელ სენატორებს ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინს შორის. ესენი სწორედ ის სენატორები არიან, ვინც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, სადაც ისინი იმ საკითხებზე საუბრობდნენ, რომლებიც მათი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.

გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი იყო. ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სასამართლო მოსმენები სენატში მისი გამართლებით დასრულდა. ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობდა. ერთი ეს იყო ძალაუფლების გადაჭარბება და მეორე, კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლა. სასამართლო ტიპის მოსმენა სენატში, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა უკავიათ პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრით ასეთი შედეგით დასრულდა: პირველი მუხლი 52 ხმა 48-ის წინააღმდეგ, პრეზიდენტის სასარგებლოდ და მეორე მუხლი 53 ხმა 47-ის წინააღმდეგ ისევ პრეზიდენტის სასარგებლოდ. დემოკრატებს პროცესის მოგებისთვის და პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100-დან 67 ხმა სჭირდებოდათ, ანუ სენატის 2/3. პრეზიდენტს საკუთარი პარტიიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ასე რომ ამერიკის ისტორიის ეს ფურცელი პრეზიდენტ ტრამპის გამართლებით დასრულდა.

სწორედ იმპიჩმენტის საქმის გამო, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპის ყოველწლიური მიმართვა ერისადმი. თავის გამოსვლაში ტრამპს არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმპიჩმენტზე. ერისადმი თავის რიგით მესამე მიმართვაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურად ჟღერდა. ამერიკის ლიდერმა ბევრჯერ შეაქო მისი ადმინისტრაცია და თქვა, რომ მათ სამი წლის მანძილზე უამრავ წარმატებას მიაღწიეს. პრეზიდენტის გამოსვლა თითქმის საათნახევარს გაგრძელდა. ის ხშირად ხმარობდა სიტყვას „რეკორდული“. ტრამპმა მთავარი აქცენტი გააკეთა ქვეყნისა და საკუთარი ადმინისტრაციის წარმატებებზე და გამოყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, უმუშევრობის დაბალი დონე და წარმატებული საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები თუ ანტი-ტერორისტული ოპერაციები.

მთელი კვირის განმავლობაში არ წყდებოდა საუბარი კორონავირუსისზე და დაავადებისა თუ გარდაცვალების ახალ შემთხვევებზეც. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა კორონავირუსს „სახალხო ომი“ გამოუცხადა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“, პრეზიდენტ სი ძინ პინის ციტირება მოახდინა: „მთელი ქვეყანა სრული ძალით ფეხზე დადგა, რათა ამისთვის ყველაზე სრული და მკაცრი შეკავების და კონტროლის ზომებით გაეცა პასუხი და ეპიდემიის შეკავების და კონტროლისთვის სახალხო ომი დაიწყო.“ ოფიციალური პირები ჩინეთში ამბობენ, რომ სიკვდილის შემთხვევების რიცხვმა 630-ს, ხოლო ინფიცირების საერთო რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.

მსგავსი სტატიები