COVID 19-ის ზეგავლენა ეკონომიკაზე და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსურის მხარდაჭერა
კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ჯანდაცვის სისტემებთან ერთად ეკონომიკაზეც აისახება. 28 მაისს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის აპრილთან შედარებით, 16.6%-ით შემცირდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ არსებითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და აქტივობაც შენელდა.
საქსტატის მონაცემებით, კორონავირუსმა უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე და ვიზიტორთა მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით დაახლოებით 95 %-ით შემცირდა. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სასტუმროების, რესტორნების დარგში.
ეკონომიკაში კლების ტენდენციაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, პროგნოზი დაახლოებით -4 %-ია. ამ ფონზე დასავლელი პარტნიორების მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, აფიქსირებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის დარგის ექსპერტები.
ზუსტად რა ოდენობის დახმარებაზეა საუბარი და რა წილს შეადგენს გამოყოფილი თანხიდან სესხი და საგრანტო დახმარება? საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ზუსტ რიცხვებს ასახელებს.
მთლიანობაში, პანდემიის პირობებში საქართველოს ევროკავშირის მიერ 430 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოეყო. აქედან 183 მილიონი ევრო წარმოადგენს გრანტს. დანარჩენი არის სასესხო ვალდებულება. დავით ბუჯიაშვილის თქმით, სესხის არის მიღებული საშეღავათო პირობებით, რაც დაბალ პროცენტს და დაახლოებით 15 წელზე გადანაწილებულ პერიოდს გულისხმობს.
პანდემიის პირობებში ევროგაერთიანების მიერ გამოყოფილი დახმარება თითქმის უტოლდება 2008 წელს რუსეთის აგრესიის შემდგომ ევროკავშირის მიერ გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერას.
„მაშინაც უპრეცედენტო იყო, ეს იყო 500 000 000 ევროს ოდენობის დახმარება, თუმცა განსხვავება ამ შემთხვევაში არის რომ მაშინ მხოლოდ საქართველო იყო მძიმე მდგომარეობაში, მოგეხსენებათ მძიმე სოციალური ეკონომიური მდგომარეობა იყო. ეხლა ვხედავთ თუ რა მდგომარეობაა. “კოვიდ 19”_ის პანდემია, ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, ეს არის მსოფლიოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კრიზისი,“ – დავით ბუჯიაშვილი