კორონავირუსის გავრცელების გამო ბრიტანეთში მთავრობამ ვირუსი ჯანდაცვის „სერიოზულ და გარდაუვალ“ საფრთხედ გამოაცხადა. ეს სტატუსი მთავრობას ინფიცირებულთა იზოლაციისთვის და ვირუსის კონტროლისთვის მეტ ბერკეტს მისცემს. დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთში 8 ადამიანია ინფიცირებული.
ჩინეთში კი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უკვე 900-ს აჭარბებს. პეკინმა კვირას განაცხადა, რომ მათ სიას ერთ დღეში 97 ადამიანი დაემატა. ინფიცირებულთა რაოდენობაც კვირა დღეს 3 062-ით გაიზარდა. ამ ფაქტმა ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების შენელების ტენდენცია დრამატულად საპირისპირო მიმართულებით შეცვალა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ინფიცირების 40 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. იაპონიის პორტში ისევ იზოლირებულია საკრუიზო ლაინერი, რომელზეც ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. დადასტურდა, რომ გემზე მყოფი 4 ათასამდე ადამიანიდან ვირუსი 135 მათგანს აქვს. ჩინეთში, განსაკუთრებით კი დაავადების ეპიცენტრთან ახლოს მდებარე რეგიონებში შეფერხდა ან შეჩერდა არაერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის პროდუქტის წარმოების პროცესი. ამ დროისთვის ვირუსი დაახლოებით 25-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, დაავადებულია 330-ზე მეტი ადამიანი. ჩინეთს გარეთ კი სიკვდილის მხოლოდ 2 შემთხვევა ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა.
შეფერხებული, გადადებული და გაუქმებული რეისები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და მსხვერპლი – ზამთრის ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ ევროპის ქვეყნებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. შტორმთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა ქვეყაბაში გავრცელდა. სამხრეთ-დასავლეთ ჩეხეთში, მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როცა მის ავტომობილს ქარისგან წაქცეული ხე დაეცა. მსგავსი საგზაო შემთხვევისას, მამაკაცი სლოვაკეთშიც დაიღუპა. ცუდ ამინდს ემსხვერპლა ერთი ადამიანი შვედეთში, ერთი კი დაკარგულად მიიჩნევა. ქარიშხალმა „კიარამ“ პრობლემები შექმნა ბრიტანეტშიც. აქ 20 000-ზე მეტი საცხოვრებელელი სახლი, ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეფერხებით მუშაობს თითქმის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება. ბრიტანეთის გარდა, შტორმმა სირთულეები შექმნა გერმანიაშიც. მეტეოროლოგები, სამხრეთ გერმანიაში ქარიშხლის სიმძლავრის 140 კმ. საათამდე მომატებას ვარაუდობენ. ათამდე საჰაერო და ათეულობით სარკინიგზო რეისი გაუქმდა ჩეხეთშიც, სადაც ამ დროისთვის 100 000-მდე მოსახლეს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დასრულების და ერისადმი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ, ამერიკის პოლიტიკაში კვლავ მნიშვნელოვანი დღეებია. ამჯერად ყურადღება ნიუ-ჰემფშირისკენაა მიმართული – სამშაბათი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერის მეორე რაუნდის დღეა. ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ, კანდიდატებს შორის ლიდერი გამოიკვეთება. მანამდე კი, პარასკევს კანდიდატების კიდევ ერთი დებატები გაიმართა. ჯანდაცვის, ეკონომიკისა თუ სხვა საკითხების კონტექსტში თუ მის მიღმა, როგორც ყოველი წინა მნიშვნელოვანი გამოსვლისას, თითოეული კანდიდატი საკუთარი თავის იმ ადამიანად წარმოდგენას ცდილობს, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის დამარცხება შეუძლია. ისინი სწორედ დემოკრატიული პარტიის მიერ ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძვიან. ამავე დროს ქალაქ მანჩესტერში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა მოქმედმა პრეზიდენტმაც. გასულ კვირას კი აიოვაში გამართული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრის შედეგად, რომელსაც კოკუსს უწოდებენ, ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი და ქალაქ საუთ-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი დაწინაურდნენ.
დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით „სტუდია ვაშინგტონს“ – „ამერიკის ხმისა“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივ, ყოველდღიურ პროექტს. ჩვენი გადაცემების ნახვა და სიახლეებისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. დროებით.
Არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების, არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა – ანუ პასუხი იმაზე, რა გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ...