საგზაო საფრთხე და დასავლური პრაქტიკა
ავტორი: თამთა კაკაჩია
10 აგვისტო – მახინჯაურში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი ;
7 აგვისტო – კახეთში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა ;
6 აგვისტო – გურამიშვილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც ;
6 აგვისტო – ანანურთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა
და ეს ხუთი დღის არასრული მონაცემია. ამავე პერიოდში იყო სხვა შემთხვევები, რომლის დროსაც ლეტალური შედეგი არ დამდგარა, მაგრამ იყვნენ დაშავებულები.
შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის I კვარტალში ანუ სამ თვეში: იანვარი, თებერვალი, მარტში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 134 მოქალაქე გარდაიცვალა, მეორე კვარტალში – 69. ჯამში, 6 თვეში – 203 ადამიანი.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება ექსპერტების შეფასებით მრავალი კომპონენტით არის გამოწვეული და მათ შორის ადამიანურთან ერთდა ვხვდებით ინფრასტრუქტურულ გარემოებებსაც. ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობის აუცილებლობაზე დირექტივას ვკითხულობთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დოკუმენტშიც. VI კარში ასევე წერია:
მუხლი 292 – მხარეები: (a) გააფართოებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას; (b) წაახალისებენ ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობას;
მუხლი 293 – (a) მდგრადი ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტის ყველა ტიპს, განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფისა და ტრანსპორტის სფეროში აღნიშნული საკითხების პოლიტიკის სხვა სფეროებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;
(c) ინფრასტრუქტურული პოლიტიკის გაძლიერება ტრანსპორტის სხვადასხვა ტიპებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების უკეთ იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის.
რა ცვლილებები განხორციელდა ამ მიმართულებით საქართველოში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ერეკლე კეჟერაშვილი გვპასუხობს.
“ეს არის დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს,თუმცა საბოლოო შედეგი არის საგზაო შემთხვევათა რაოდენობის შემცირება. საქართველოში ყოველწლიურად სტატისტიკა სტაბილური არ არის და სტაბილურად არ უმჯობესდება. მაგალითად, შეიძლება შემცირდეს ავტოავარიების რიცხვი, მაგრამ გაიზარდოს დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ან პირიქით მოხდეს. ამიტომ ცალსახად შეფასება, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ცალსახად ვერ ვიტყვით.” – ამბობს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი.