შრომის ევროპული სტანდარტი ქართულ კოდექსში
საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი 2010 წლის 17 დეკემბერს იქნა მიღებული და დღემდე მასში 14 ცვლილება განხორციელდა. როგორც კოდექსის განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ, იგი „აყალიბებს ლიბერალურ მიდგომებს შრომითი ურთიერთობების სამართლებრივ რეგლამენტაციასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს კერძო ხასიათის სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა და ამ სფეროში მხარეთათვის მოქმედების თავისუფლების მინიჭება.“ თუმცა მოსალოდნელმა ცვლილებებმა აღნიშნული მიდგომის ერთგვარი რევიზირება უნდა მოახდინოს, სადაც დაწესდება დასაქმებულის შრომითი უფლებების საბაზისო სტანდარტები და გაიზრდება სახელმწიფოს როლი მისი უფლებების დაცვის კუთხით.
2014 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ აიღო რიგი ვალდებულებები ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომის სამართლის რეფორმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის დაცვის სტანდარტის გაძლიერება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს მის არამხოლოდ ნაყოფიერ დასაქმებას, არამედ ღირსეული პირადი და საოჯახო ცხოვრების უზრუნველყოფას, პროფესიული და პირადი ცხოვრების ჰარმონიულ შეთავსებასა და კეთილდღეობას.
შრომის კოდექსის გაუმჯობესების მიზნით, კოდექსში შესატანი ცვლილებების მნიშვნელოვანი პაკეტი 2019 წელს მომზადდა. ასევე, მიმდინარე წლის 27 აპრილს წარდგენილი იქნა ახალი ორგანული კანონის პროექტი, რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს დასაქმებულის შრომითი პირობები და უნდა გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს, თუმცა პროცესი ჯერ ბოლომდე არ არის მიყვანილი და გაურკვეველია, მოქმედი პარლამენტი წლის ბოლომდე შეძლებს თუ არა მის დასრულებას.
წარდგენილი პროექტის მიხედვით, კოდექსი მეტად მოცულობითი ხდება და დამტკიცების შემთხვევაში მასში ნაცვლად 55 ისა, 86 მუხლს ვიხილავთ. უფრო მკაფიოდ იქნება განმარტებული შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის არსი, მეტი კონკრეტიკა შევა შრომითი ხელშეკრულებისა და მისი ვადების გაანგარიშებაში, არასრული სამუშაო განაკვეთის ცნებასა და ასეთ პირობებში დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებამოვალეობებში. აღსანიშნავია, რომ ახალი რედაქცია ითვალისწინებს სტაჟირების ცნებასაც, განსაზღვრავს მის არსს და არაანაზღაურებადი და ანაზღაურებადი სტაჟირების ვადებს. ცვლილებებით განსაზღვრულია დასაქმებულთა დასვენების მინიმალური დრო (არანაკლებ 60 წუთი 6 საათიანი მუშაობის შემთხვევაში), აგრეთვე ცვლაში მუშაობის ორგანიზების არსებითი წესები, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების პირობები, ზედა ზღვარი (დღეში 2 საათი, კვირაში – 4 საათი) და ანაზღაურების მინიმალური ოდენობა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის (საათობრივი ანაზღაურების 125%).
კანონპროექტი ითვალისწინებს ღამით მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით რეგულაციებს.
რეგულირდება შრომის ანაზღაურების საკითხები, რომლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. ცვლილებები ასევე შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. მნიშვნელოვანი განმარტებები დაემატა კოლექტიური ხელშეკრულებების, გაფიცვისა და ლოკაუტის მარეგულირებელ დებულებებს. ამასთან, განისაზღვრა გაფიცვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში“ დასაქმებულთათვის. შრომის კოდექსის მიმართ გათვალისწინებული ცვლილებები ითვალისწინებს აგრეთვე ახალი კანონის ინიცირებას „შრომის ინსპექციის შესახებ“ და ცვლილებების შეტანას რიგ საკანონმდებლო აქტებში: ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და სხვ.
შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გთავაზობთ რამოდენიმე მოსაზრებას:
თამარ ხულორდავა – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ცვლილებების ინიციატორი.
„შრომის კოდექსი ხშირად არის მონათლული სუპერ მემარცხენე თემად, რაც არ შეეფერება სინამდვილეს. ყველა სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეს პატივს სცემს, იღებს პასუხისმგებლობას, რომ მინიმალური სტანდარტი დაიცვას. სწორედ ამაზე არის საუბარი, რომ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და ვუზრუნველყოთ კიდევ ერთი ეტაპით, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ იმ საუკეთესო პრაქტიკას, სტანდარტს რომელიც არის დადგენილი ევროკავშირში. დირექტივები, რომელთანაც დაახლოება ჩვენ ასოცირების შეთანხმებით გვევალება, აწესებს მინიმალურ, საერთო სტანდარტს, რომელიც ევროკავშირის მიერ მიიჩნევა როგორც საბაზისო საწყისი. ანუ იმის ქვემოთ არ შეიძლება სტანდარტი არსებობდეს. ჩვენ ამ დირექტივების ასე ვთქვათ გადმოღებით და ჩვენს კანონმდებლობაში ამ ნომრების ესე ვთქვათ გათვალისწინებით, ინკორპორირებით ვუახლოვდებით მინიმალურ სტანდარტებს. ასე რომ ეს არ არის რევოლუციური კოდექსი, ეს არ არის კოდექსი, რომელიც არის მაქსიმალისტური, ეს არ არის კოდექსი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ამ რეფორმით ვგეგმავთ, ვნერგავთ, უმაღლეს, საუკეთესო პრაქტიკას თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში.“
ეკატერინე ქარდავა – ექსპერტი, ასოციაცია “ევროპის დროის” თავმჯდომარე:
“უმნიშვნელოვანესია დღეს ამ თემაზე საუბარი, თუ საქართველოს სიღრმისეულად, ნამდვილად არსობრივად სურს ევროპული ინტეგრაციის და ევროპული ასოცირების პროცესის წარმოება და ევროპული სტანდარტის ყაიდის ცხოვრებაზე გადასვლა მაშინ საძირკველთა, საძირკველია და ფუნდამეტურია რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში და ნებისმიერ პროცესში ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ ევროპულ ღირებულებას და ფასეულობას როგორიც არის ადამიანის მსახურება. ევროპული სტანდარტი არის ეს რომ ეკონომიკას და თავისუფალ ბაზარს მუდმივად ჰქონდეს თავისი სოციალური მიმართულება და ამას არ კარგავდეს.“ მისი მოსაზრებით დეკრეტული შვებულების შესახებ ნორმები „ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, მქონდა მოლოდინი რომ დღევანდელი რეგულირება გამოსწორდებოდა ამ პროექტის ფარგლებში თუმცა ფაქტიურად რჩება ის პრაქტიკა რაც დღემდე გვქონდა. ევროკავშირის შრომის კანონმდებლობა თანაბრად მიემართება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს, ეს ცალსახად აღნიშნულია ევროკავშირის შრომის კანონმდებლობში ამიტომ, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ვალდებულება უშუალოდ დეკრეტული შვებულების ნაწილშიც რომელიც ანაზღაურების კომპონენტსაც მოიცავს. საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალბატონები დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას ფაქტიურად იმ რაოდენობით იღებენ რასაც ისინი აიღებდნენ ჩვეულებრივ რომ გაეგრძელებინათ მუშაობა. ეს ძალიან კარგი სტანდარტია, ეს ნამდვილად უნდა ვაღიარო, მაგრამ კერძო სექტორში დასაქმებული ქალბატონები მთელი დეკრეტული შვებულების განმავლობაში მხოლოდ 1000 ლარის ეძლევათ დახმარებას იღებენ, ეს დისკრიმინაციულია. თუ ბიუჯეტიდან ხდება ამ თანხის გამოყოფა მაშინ არ შეიძლება, რომ აი ასეთი დიდი განსხვავება და ესეთი დისკრიმინაციული მიდგომა გვქონდეს და გარდა ამისა, დეკრეტული შვებულება სამწუხაროდ ისევ ნებაყოფლობით საწყისებზე რჩება, როდესაც ევროკავშირის კანონმდებლობაში დეკრეტულ შვებულებას აქვს სავალდებულო პერიოდი და ევროპული სტანდარტი თვლის, რომ დედასა და შვილს შორის ნამდვილად უნდა იყოს, შედგეს ის კავშირი, რომ არ იძლეოდეს მშობიარობის შემდგომ და მეძუძურობის პერიოდში პირდაპირ დენობისსამსახურში გასვლის შესაძლებლობას, რამეთუ ეს არის ოჯახზე ზრუნვა, ბავშვებზე ზრუნვა და ზოგადად ის ყველაზე მაღალი სიკეთე რაც ახლავს დეკრეტულ შვებულებას. ჩვენთან სავალდებულო კომპონენტი ისევ არ შემოდის და სრულად ნებაყოფლობით საწყისებზეა დატოვებული“.
ირაკლი პეტრიაშვილი -საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე „კოდექსში შესატანი ცვლილებები უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ბევრი რამ რჩება
ყურადღების მიღმა, რომელიც ასე ვთქვათ კიდევ უფრო დაახლოებდა ევროპის სოციალურ პარტიას და რაც ყველაზე მთავარია საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს.“
ლაშა ლაბაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კერძო სექტორისთვის შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი, რაც ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის დამატებითი ფინანსური სანქციების, ან საწარმოო პროცესების გაჩერების მხრივ. მიგვაჩნია, რომ შრომის ინსპეციის გაძლიერებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომ, სახელმწიფომ მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად უნდა გაატაროს. ამასთან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების განსაზღვა, სტაჟირების რეგულირება და მსგავსი ჩანაწერებიც შემაფერხებელი ფაქტორები გახდება ბიზნესის საქმიანობისთვის.“
მთავარი ფოტო © Shutterstock